- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.
“გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდნენ. ბრაკონიერებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული ხრამულის სახეობის 12 კგ. თევზი.
მარნეულის მუნიციპალიტეტ სოფელ ქირაჩ-მუღანლოს მიმდებარედ მდინარე ხრამზე მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით 16 კგ ხრამულის სახეობის თევზი უკანონოდ მოიპოვეს.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.”-აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.