- საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ბექა ღვინიაშვილმა (90 კილოგრამი წონითი კატეგორია) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ), დოჰაში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირზე – „მსოფლიოს მასტერსზე“ დილის პროგრამა წაუგებლად ჩაამთავრეს და საჩემპიონო ტიტულს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ. ლაშა ბექაური კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
საღამოს, ფინალურ ბლოკში, ღვინიაშვილი ოქროს მედლისთვის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდს დაუპირისპირდება. ბექაურის მეტოქე თურქეთის ნაკრების წევრი მიხაელ ჟგანკი იქნება. ლიპარტელიანი კი ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოიევს შეხვდება.
დღეს საქართველოს სახელით „მსოფლიოს მასტერსზე“ მძიმეწონოსნებმა (+100 კგ) გურამ თუშიშვილმა, გელა ზაალიშვილმა და ლევან მატიაშვილმაც იჭიდავეს, მაგრამ საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.