ახალდაბის მედიაკაფე ,,ლუტრეზი“-ში, სადაც „ფონდი ტასო“-ს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში „სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრი“ ფუნქციონირებს, ტრენინგების სერია გაგრძელდა და დედაქალაქიდან მოწვეულმა ტრენერმა, პროფესორმა ნატო ქათამაძემ კიდევ ერთი სამდღიანი ტრენინგი გაიმართა ახალგაზრდებისთვის. ამჯერად ტრენინგების თემები ასეთი იყო:
- გენდერული ბიუჯეტი, მისი არსი და დანიშნულება გენდერული თანასწორობის კუთხით;
- კამათი და მოლაპარაკება, მოლაპარაკების სტრატეგიები;
- დისკუსია და როლური თამაშები;
- რას ნიშნავს გენდერული თანასწორობის საბჭო და რა ფუნქციები აქვს, ბორჯომის მაგალითის განხილვა;
- გენდერული კვოტები;
- დისკუსია თემაზე და შეჯამება.
ახალგაზრდებმა ამ სამ დღეში ბევრი ისეთი ინფორმაცია მიიღეს, რაც მათთვის სიახლე იყო და ამავე დროს – საინტერესო.
მაგალითად, მათთვის ცნობილი გახდა, თუ რას ნიშნავს გენდერული თანასწორობის საბჭო და რატომ იქმნება ის მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან. რომ გენდერული თანასწორობის საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად,
- განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას,
- შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად
ასეთი საბჭო, ბუნებრივია, არსებობს ბორჯომის მუნიციპალიტეტშიც, რომელსაც ხელმძღვანელობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი.
ბატონ დავითთან უკვე შედგა კომუნიკაცია იმის შესახებ, რომ ახალდაბის გენდერმედიაცენტრის ახალგაზრდებს სურვილი აქვთ, შეხვდენენ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს, მიაწოდონ მათ ჩვენი პროექტის შესახებ ინფორმაცია და ასევე, მოისმინონ, თუ რა ღონისძიებები ტარდება ბორჯომის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით და რა არის სამომავლოდ დაგეგმილი.
ტრენინგების 6დღიანი ციკლის დასასრულს ჩვენ ჩავწერეთ რამდენიმე მსმენელი: გვანცა ჩადუნელი, ნიკა კაპანაძე, ნუჩა ჩადუნელი, მიშა ჩადუნელი და ტრენერი, პროფესორი ნატო ქათამაძე, რათა თავიანთი აზრი გაეზიარებინათ ტრენინგებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
როგორც ჩვენმა მკითხველებმა იციან, გენდერმედიაცენტრში ამ ზაფხულის განმავლობაში კიდევ რამდენიმე საინტერესო შეხვედრაა დაგეგმილი, რომელთა შესახებაც მომავალში გიამბობთ.