აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოუწოდა პრეზიდენტ დონლად ტრამპს, მოაწეროს ხელი კონგრესის მიერ მიღებულ ეკონომიკური სტიმულირების პაკეტს, რომელსაც მხარი დაუჭირეს როგორც დემოკრატებმა, ისე რესპუბლიკელებმა.
ჯო ბაიდენის თქმით, თუ დონალდ ტრამპი დაუყოვნებლივ არ მოაწერს ხელს კანონს, მაშინ დაახლოებით 10 მილიონამდე ამერიკელი დაკარგავს უმუშევრობისთვის დაწესებულ შემწეობას.
დაახლოებით 1 ტრილონი დოლარის მოცულობის ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მომავალი წლის მარტამდე უმუშევრობისათვის, გაზრდილი, კვირაში 300$-ის ოდენობის, შემწეობის გადახდას ითვლისწინებს. ამასთან, მოქალაქეთა უმრავლესობა მიიღებს 600 დოლარის მოცულობის ერთჯერად დახმარებას.
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ერთჯერადი დახმარება არსაკმარისია და ერთ სულ მოსახლეზე ის 2000 დოლარამდე უნდა გაიზარდოს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო მომავალი წლის, 740-მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტს, რომელსაც უწოდა საჩუქარი ჩინეთისა და რუსეთისთვის.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ვეტო აზარალებს ამერიკელ სამხედროებს და სერიოზულად ემუქრება აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას. პელოსის ინფორმაციით, 28 დეკემბერს წარმომადგენელთა პალატა კენჭს უყრის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. კენჭისყრა უნდა ჩატარდეს კონგრესის ზედა პალატაში – სენატშიც.