- 31 ოქტომბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფელ გვირგვინას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
“ლაღოშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით დაუყოვნებლივ ამოქმედდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. უკანონო პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის გუშინ გამართულ 115-ე შეხვედრაზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.”-აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.