- სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ორგანიზებით, პედოფილიასთან ბრძოლის და ბავშვთა უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.
სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებული პირების ელექტრონული რეესტრისა და სახელმწიფო მონიტორინგის მექანიზმის შექმნის ინიციატივა სახალხო დამცველს, გენერალური პროკურატურის, სამინისტროების, აკადემიური წრის წარმომადგენლებს და მოსამართლეებს დეტალურად გააცნო.
შეხვედრაზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის მსჯავრდებულ პირთა რეესტრისა და მონიტორინგის მექანიზმის სპეციფიკაზე და აუდიტორიას ამ კუთხით არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა და გამოითქვა მოსაზრება ინიციატივის დროულობის და მისი განხორციელების აუცილებლობის თაობაზე.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივის მიხედვით, ელექტრონულ რეესტრში შეყვანას, მონიტორინგს და უფლებების ჩამორთმევას ის მსჯავრდებულები დაექვემდებარებიან, რომელთაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოავლენს მცირეწლოვანი ბავშვების და არასრულწლოვანი პირების მიმართ ჩადენილ სექსუალურ გამოძალვასა და სქესობრივ დანაშაულებში. ასევე ის პირები, რომლებიც პირადი ცხოვრების კადრებს ანგარების მიზნით მოიპოვებენ და ავრცელებენ, ასევე ის მსჯავრდებულები, რომელთაც მსგავსი ტიპის რამდენიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ან ამ დანაშაულს ჩადიან განმეორებით.
აღნიშნული დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირების მიმართ გამოყენებული იქნება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიებები, როგორიც არის არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების, საგანმანათლებლო დაწესებულებასთან 30 მეტრის რადიუსში მიახლოების, მგზავრთა გადაყვანის უფლების ჩამორთმევა, საექიმო და პედაგოგიური საქმიანობის, სოციალურ მუშაკად მუშაობის აკრძალვა და ა.შ.
ხოლო სახელმწიფო მონიტორინგი მოიცავს გარკვეული პერიოდულობით მსჯავრდებული პირის საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების ვალდებულებას, საცხოვრებელ და სამუშაო მისამართზე პირის შემოწმებას, მისგან ინფორმაციის მოთხოვნას და სხვა პრევენციული ღონისძიებების გატარებას.
სახალხო დამცველმა, საჯარო უწყებების და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა სამსახურის ინიციატივა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის კუთხით კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებისთვის მზაობა გამოთქვეს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პედოფილიასა და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, საქართველოს პარლამენტთან აქტიურად ითანამშრომლებს.
შეხვედრას, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები გიორგი კვარაცხელია და ნათია სონღულაშვილი, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსი სოფიო აბულაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები, აკადემიური წრის წარმომადგენლები, კრიმინოლოგები, სახალხო დამცველის მოადგილეები და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს