- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გამოქვეყნებულ კადრებს, რომელზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის №18 დაწესებულებაში იძულებით შეყვანისა და მისი საკანში განთავსების ფაქტია აღბეჭდილი.
“მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ არაერთხელ იქნა გავრცელებული მოწოდება იმის თაობაზე, რომ ყველა უწყება და პირი სიფრთხილით უნდა მოკიდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხს, ბოლო პერიოდში სისტემატური ხასიათი მიიღო მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებამ საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მოტივით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ მაღალი საჯარო ინტერესის პარალელურად, მონაცემთა გასაჯაროებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის პატივი და ღირსება. ამასთან, იმ პირობებში, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების არაერთი ფაქტის კანონიერების შესწავლა, რომლებზეც ამ ეტაპზე არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება, კატეგორიულად მიუღებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამგვარი პრაქტიკის გაგრძელება და მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება. აღნიშნულ ფაქტზეც, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.
ამასთან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, გამოძიების დაწყების დღესვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა წერილობით მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირებისა და მისი №18 დაწესებულებაში განთავსების ამსახველი ვიდეოჩანაწერების არსებობა-არარსებობის დადასტურებისა და მათი დაარქივების მოთხოვნით. იმ პირობებში, როცა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ამ დრომდე არ დაუდასტურებია ასეთი ჩანაწერების არსებობის ფაქტი და შესაბამისად, არ მომხდარა სასამართლო განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვა, სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან აღნიშნული კადრების გასაჯაროება (რომელიც მათ შორის, წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებას), საფრთხეს უქმნის ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, შეწყვიტონ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება, პატივი სცენ ადამიანის პატივს, ღირსებას და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ასევე, თავი შეიკავონ სახელმწიფო ინსპექტორის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის შეფასებისაგან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტის გამოძიება წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.