- საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ბავშვთა საინიციატივო ჯგუფი „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“5 ივლისს ჩვენც, ბავშვები, რუსთაველზე გამოვალთ! მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისში იგეგმება ლგბტ-თა თითქმის ერთკვირიანი ღონისძიების ჩატარება, ხოლო 5 ივლისს – მათი მსვლელობა რუსთაველზე, ჩვენმა მშობლებმა, და-ძმებმა, ნათესავებმა, ახლობლებმა და ჩვენც დავკარგეთ სულიერი მშვიდობა.
მუდმივად ისმის კითხვები: ნუთუ ზნეობა არაფერს ნიშავს? ნუთუ ხალხის აზრი ფეხქვეშ უნდა გათელონ? ჩვენ ხომ არ ვუშლით, ვისაც უნდა და როგორც უნდა, ისე იცხოვრონ პირადი ცხოვრებით, მაგრამ თავის გაუკუღმართებულ ურთიერთობებს თავს რატომ გვახვევენ?!
ეს კითხვები ჩვენც გვიჩნდება. პასუხი კი არ ჩანს.
ბოლო ორი თვეა ტელევიზიებში ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით დიდი ამბავი იყო ატეხილი და მუდმივად ისმოდა ფრაზა: დაცული უნდა იყოს ბავშვთა საუკეთესო ინტერესები.
ახლა აღარ არის იგი დასაცავი? რატომ დაგვივიწყეთ?!
ჩვენ გამოვიძიეთ და შევისწავლეთ გარკვეული მასალები და ვნახეთ, რომ:
ბავშვის უფლებათა კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი კრძალავს ნებისმიერი სახის სექსუალურ თემატიკაზე საჯარო განხილვებს და ისეთ გამოსვლებს, რითაც ირღვევა ბავშვების მშვიდ გარემოში აღზრდის უფლება.
ნებისმიერი აზრის გამოხატვა და შეკრების გამართვა უნდა შეიზღუდოს იმ შემთხვევაში, თუ ეს არღვევს სხვა ადამიანების უფლებას და მორალურ ნორმებს.
5 ივლისს ,,თბილისი-პრაიდის“ მიერ დაანონსებული მარში უხეშად არღვევს როგორც საერთო მორალს, ასევე ბავშვთა ანუ ჩვენს საუკეთესო ინტერესს. ამასთან, რაც უფრო აგრესიულად გვილანძღავენ მშობლებს, რომლებიც რელიგიური, ეროვნული და ზნეობრივ წესებით გვზრდიან და რაც უფრო დაჟინებით მოითხოვენ პრაიდის გამართვას მით უფრო მეტად ძალადობენ ჩვენზე.
როგორც ვთქვით, ბავშვის უფლებათა კონვენციით და ბავშვის უფლებათა კოდექსით აკრძალულია ბავშვისთვის მავნე ზეგავლენის მომხდენი ქმედება, მათ შორის, გარყვნილების პროპაგანდა. ამიტომაც შევიტანეთ სასამართლოში განცხადება და კატეგორიულად მოვითხოვეთ ჩვენი უფლებების სასამართლოთი დაცვა. სამწუხაროდ, სასამართლო ჯერჯერობით არ იღებს გადაწყვეტილებას, ყოველდღე გვატყუებენ და არღვევენ კანონს. სასამართლო არ გვიცავს ბავშვებს, რადგან “ლგბტ პრაიდის” ტყვეობაშია.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტს, ჯანდაცვის, განათლების და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, სახალხო დამცველს, ბავშვის უფლებებზე მომუშავე ყველა არასამთავრობო ორგანოზაციას, გაეროს ბავშვთა ფონდს, ევროკავშირის ბავშვთა უფლებების კომიტეტს, ყველა იმ სახელმწიფოს ელჩს, რომლებიც მიერთებულნია ბავშვის უფლებათა კონვენციას, დაიცვათ ბავშვების უპირატესი და საუკეთესო ინტერესები, დაიცვათ ბავშვის უფლებების კონვენცია და ბავშვის უფლებათა კოდექსი და დროულად აღკვეთეთ ჩვენთვის საზიანო და ხიფათის შემცველი მოქმედებები, რასაც ახორციელებენ ლგბტ პრაიდის ორგანიზატორები, მონაწილენი და მხარდამჭერნი.
ბავშვების საუკეთესო ინტერესი არის უპირატესი უფლება ვიდრე ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლება. ამიტომაც, მოგიწოდებთ ყველა ბავშვს, განსაკუთრებით 18 წლამდე ასაკისას, ორშაბათს, 5 ივლისს, 17:00 სთ -ზე, გამოდით რუსთაველზე და ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, ჩვენი მშობლები, ჩვენი ახლობლები შეურაცხყოფებისა და ძალადობისაგან”, – ნათქვამია განცხადებაში.