- საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა 2022 წელს რთველის სუბსიდირებას განახორციელებს. მისივე თქმით, ჯამურად მთავრობას სუბსიდირება 150 მილიონი ლარი დაუჯდება.
„რთველი ძალიან მალე დაიწყება. მოგეხსენებათ, მევენახეობა-მეღვინეობა ქვეყნის სტრატეგიული დარგია და ჩვენმა ხელისუფლებამ, მევენახეობა-მეღვინეობის დარგი მოსვლის დღიდან გამოაცხადა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად. სწორედ ჩვენი მხრიდან სწორი, ეფექტური და ხელშესახები ნაბიჯების გადადგმამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. გახსოვთ, რომ 2012 წლამდე, მევენახეობა-მეღვინეობის არათუ წახალისება არ იყო, არამედ პირდაპირ მთავრობა იყო უხეშად ჩარეული, სთხოვდნენ ჩვენს მევენახეებს ვენახების გაჩეხვას და ყურძნის არჩაბარებას. იქამდე მიჰყავდათ მდგომარეობა, რომ პრაქტიკულად, აზრს კარგავდა ყურძნის ჩაბარება, იმდენად გართულებული იყო ზოგადად პროცესი და სიტუაცია. პირდაპირ ზეწოლის ქვეშ იყვნენ მევენახეები. ამის არაერთი მაგალითი გვახსოვს ძალიან კარგად. ამასთან, შეგახსენებთ, რომ თუ რამდენიმე ათეულობით კომპანია იყო მევენახეობა-მეღვინეობაში, დაახლოებით 30 კომპანიამდე, წელს 300 კომპანიაზე მეტია. მათი შემოსავლები ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს. ამ დარგში ჩართულია დაახლოებით 25 000-მდე მევენახე. ეს ნიშნავს მათი ოჯახების გაძლიერებას.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც, რა თქმა უნდა, მოვახდენთ სუბსიდირებას. ერთი კილოგრამი თეთრი ყურძნის ფასი იქნება სულ მცირე 90 თეთრი. არც ერთი კილო ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია. ჩვენ გვქონდა მათთან კომუნიკაცია, კარგი შეხვედრები გვქონდა. შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს.
წელს ველოდებით რეკორდულ, დაახლოებით 300 000 ტონა მოსავალს. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და ყველა გამოწვევის, ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წელსაც გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება 150 მილიონი ლარი, ვინაიდან ეს არის სტრატეგიული დარგი და ჩვენი ქვეყანა არის მეღვინეობის აკვანი. ზოგადად, მიჩნეულია, დადასტურებულია, ჩვენგან დაიწყო მეღვინეობა. აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან სწორი ჩარევა და ჩვენი მეღვინეების დახმარება. ოთარ შამუგია დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის ჩვენს მევენახეებს, მეღვინეებს და იდეალურად უნდა იყოს ჩატარებული წლევანდელი რთველი 2022“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.