- საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურს წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განიხილვა ზეპირი მოსმენით 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).
№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.