- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 26 ივლისიდან მაგისტრანტობის მსურველები 2022 წლის გამოცდებში ჩაერთვნენ. ტესტირება ორი დღის განმავლობაში ტარდება.
“დარეგისტრირებულებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 81%-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი. დაიგვიანა ოთხმა აპლიკანტმა.
ტესტირება ორი დღის განმავლობაში ტარდება, პირველ დღეს – წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, მეორე დღეს კი – ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში. გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 25 წუთი.
საგამოცდო ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან და ნებისმიერ სამ ნაწილში ზღვრის გადალახვის შემთხვევაში გამოსაცდელს საერთო სამაგისტრო გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება. დეტალური ინფორმაცია მითითებულია გზამკვლევში, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს მონაწილეებს, რომ არ დაიგვიანონ გამოცდაზე და ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ.
მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი და საგამოცდო ბარათი, სურვილის შემთხვევაში – პირბადე და წყალი პლასტმასის ბოთლით. 27 ივლისს საერთო სამაგისტრო გამოცდით 2022 წლის საგამოცდო პროცესის ძირითადი სესიები დასრულდება.
გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.