- 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, თათია მანეჟაშვილის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლასთან დაკავშირებული საჩივარი დაუშვებლად ცნო.
როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დაცვის მხარე ითხოვდა, სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით – გირაოთი შეეცვალა.
მისივე თქმით, დოკუმენტების მიღების შემდეგ, დაცვის მხარე გაეცნობა თუ რატომ დატოვა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში და რატომ არ შეცვალა ის.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება გავასაჩივრეთ. ვითხოვდით, რომ სააპელაციო სასამართლოს ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიება ანუ პატიმრობა, რომელიც ლაზარე გრიგორიადისს შეუფარდეს, ნაკლებად მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებით, გირაოთი შეეცვალა. სასამართლომ ეს მოთხოვნა დაუშვებლად ცნო, წარმოებაში არ მიიღო და ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება დატოვა.
საქმის არსებითი განხილვა ახლა იწყება. ჩვენ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივრეთ და მთლიანად საქმეზე არ გვისაუბრია. ჩვენ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯერ დოკუმენტური სახით არ მიგვიღია. როდესაც მივიღებთ, გავეცნობით და გამოვიკვლევთ, რატომ დატოვა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში და რატომ არ შეცვალა ის“, – განაცხადა თათია მანეჟაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა 31 მარტს შეუფარდა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“.
ასევე, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 9 მარტს, ჭანტურიას ქუჩაზე, განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანას, რომელიც ადგილზე დაიწვა. ამ ქმედების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს 39 500 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.
„ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია გამოძიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო