- რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციაზე იმყოფება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაც.
მან ჟურნალისტებთან განაცხადა: “მე დარწმუნებული ვარ, არ ვიცი, მას ტელევიზორი აქვს თუ არა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისთვის პატივია იცოდეს, რომ ჰყავს 100 000-ობით საქართველოს მოქალაქე, რომელიც მას გულშემატკივრობს. შეიძლება ბევრი მათგანი ენმ-ის მხარდამჭერი არ იყოს, მაგრამ მისი თავდადება და თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის.
სააკაშვილი მალე გამოვა თუ ცოტა ხანი მოუწევს ციხეში ყოფნა, მე დარწმუნებული ვარ, გამოვა მიხეილ სააკაშვილი და მონაწილეობას მიიღებს იმ ზეიმში, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები გავმართავთ. მე ვაპირებ გამარჯვებას როგორც კანდიდატი. თბილისიც უნდა მოვიგოთ, თელავიც, რუსთავიც, ზუგდიდიც, ფოთიც, სენაკიც. ეს ქალაქები უნდა მოვიგოთ, რომ სალაპარაკო აღარ ჰქონდეს ღარიბაშვილს და ივანიშვილს. ჩვენ ეს გავაკეთეთ და საქმე ბოლომდეა მისაყვანი”, – ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.
ადგილზე მობილიზირებულია პოლიცია.