- ბორჯომში, მწვანე მონასტერთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი ახალგაზრდა მკურნალობას ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალსში“ გადის. მორიგე ექიმის განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამედიცინო დაწესებულების მორიგე ექიმის, მიხეილ გოგიას თქმით, დაშავებულებს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
„შემთხვევის ადგილიდან სამი ახალგაზრდა შემოიყვანეს. მათგან ერთი 20 წლამდე გოგოა, ბიჭები 25–26 წლისები არიან. სამივეს საჭირო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აღმოეჩინათ სათანადო მედიკამენტური დახმარება. ბიჭებს სხეულის ზედაპირული დაზიანებები აქვთ, ნაკაწრები და ექსკორიაციები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გოგოს აქვს მარჯვენა ლავიწის მოტეხილობა და იგეგმება ოპერაცია. სავარაუდოდ, უახლოეს რამდენიმე საათში ბიჭებს გავწერთ“,–ამბობს ექიმი.
თავდაპირველი ინფორმაციით ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.
ამჯერად კი თვითმხილველები ყვებიან რომ, საპირისპიროდ მიმავალი ორი ავტომობილიდან ერთ–ერთმა, საავარიო ვითარების თავიდან ასაცილებლად გვერდით გადაუხვია, რის გამოც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. მანქანაში ოთხი ახალგაზრდა იჯდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 20 მაისს მოხდა. შემთხვევის შედეგად 17 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. იგი ბორჯომის მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
წყარო: სამხრეთის კარიბჭე