- რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა იწყება. სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის შესახებ დღეს პრეზენტაცია წარადგინა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგეგმება არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენდება ახალი შენობა.
“არსებული ძირითადი შენობების რეაბილიტაცია იგეგმება, სადაც იფუნქციონირებს 400 საწოლზე გათვლილი სტაციონარი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული მიმართულების, ფსიქიატრიული, გადაუდებელი დახმარებისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებით.
განვითარებული იქნება მძლავრი ამბულატორიული, დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო სერვისები, კლინიკური ლაბორატორიები. შეიქმნება განყოფილება პაციენტების პალიატიური მოვლისთვის. მოეწყობა იზოლირებული დეპარტამენტი პენიტენციური დაწესებულებიდან გადმოყვანილი პაციენტებისთვის. შეიქმნება სარეზერვო სივრცე ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის. შეიქმნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სისხლის ბანკი. მოეწყობა სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები. არსებული შენობა სპეციალური ხიდით დაუკავშირდება ახალ შენობას, რომელიც ყოფილი ე.წ. პათანატომიის შენობის ადგილას აშენდება.
ახალ შენობაში განთავსდება 250 საწოლზე გათვლილი სტაციონარი, რომელიც ორიენტირებული იქნება სპეციალიზირებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე (ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია, კომბუსტიოლოგია, ჰიბრიდული საოპერაციოები), განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, შეიქმნება უახლესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული და სხივური მედიცინის დეპარტამენტი.
აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბავშვთა ინფექციური ბლოკი;
ახალი კონცეფციის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფო გათვლილი იქნება 700-ზე მეტ საწოლზე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსდება GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგების საწყობი.
რეაბილიტაცია ჩაუტარდება გამწვანებისა და სარეკრეაციო ზონას.
პროექტის განხორციელების ვადად განსაზღვრულია დაახლოებით 4 წელი, სავარაუდო ბიუჯეტი 160 მილიონ ლარს შეადგენს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.