- გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო შეიქმნა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გენერალურ პროკურატურაში, საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები, პროკურატურის წარმომადგენლები, მოსამართლეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. გენერალურმა პროკურორმა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბჭოს მიზანია მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დაზარალებულების საჩივრების მოსმენა, მათი უფლებების უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების ეფექტიანობის გაზრდა.
„სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის და ეფექტიანი სახელმწიფო ბრალდების უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღეთ აღნიშნული საბჭოს შექმნის თაობაზე. ასევე მინდა ვთქვა, რომ თითოეულ მოქალაქეს, დაზარალებულს, რომელსაც შესაძლოა გარკვეული პრეტენზიები გააჩნდეს მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც სიცოცხლის უფლების ხელყოფას ეხება, საშუალება ექნება მიმართოს აღნიშნულ საბჭოს. საჩივრების განმხილველი საბჭო იმსჯელებს იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც დაყენებული იქნება საჩივრის ფარგლებში, მოხდება აღნიშნული პრობლემების გადაჭრა და შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ნინო აღლემაშვილმა „სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა განმხილველი საბჭოს“ თემაზე პრეზენტაცია გამართა და მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებაზე ისაუბრა.
როგორც ნინო აღლემაშვილმა განაცხადა, საჩივრების განმხილველი საბჭო უზრუნველყოფს ამ კატეგორიის საქმეებზე გამოძიების ეფექტიანობას და პროცესის მონაწილეთა, მათ შორის, უპირატესად დაზარალებული მხარის უფლებების დაცვას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია დაზარალებულს ჰქონდეს ნდობა პროცესის მიმართ და განცდა იმისა, რომ მისი უფლებები საქმის განხილვის ყველა ეტაპზე მაქსიმალურად დაცული იყო.
პრეზენტაცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ნინო აღლემაშვილს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ საბჭო განიხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს, რომელთა შორის მოიაზრება ნებისმიერი დანაშაული, რომელსაც შედეგად ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, საბჭო იქნება ქმედითი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე ოპტიმალურ ვადებში ყველა საჭირო გადაწყვეტილების მიღებას და ასევე, დაზარალებულთან სისტემატურ კავშირს იმისთვის, რომ მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია მიმდინარე პროცესის შესახებ.
საბჭო 9 პროკურორი წევრისგან შედგება, რომელთაც მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მუშაობის ხანგრძლივი და ნაყოფიერი გამოცდილება აქვთ.