- საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბათუმში, 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ფაქტზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალი წარდგენილი აქვს და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვნის მამასაც.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, მამამ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა მხოლოდ იმის გამო განახორციელა, რომ ის სახლში გვიან დაბრუნდა.
„საქართველოს პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 20 ნოემბერს, მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველთან).
პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
რაც შეეხება დაზარალებულის მამას, იგი სამართალდამცველებმა 21 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან ოჯახის წევრზე ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” და „დ“ ქვეპუნქტებით (მუქარა, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.