- თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას.
“არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, 2017 წლიდან დღემდე, საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე გარემო პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ჯანსაღ ხეებს ჭრიან, მიზანმიმართულად აზიანებენ, რომ შემდეგ მშენებლობა დაიწყონ. პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 5 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 500 ლარისა), ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 10 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 1 000 ლარისა). ამავე კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შეიძლება ლიცენზია ჩამოერთვას და საქმიანობა აეკრძალოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიამ მსგავსი ცვლილებების პროექტით საქართველოს მთავრობასაც მიმართა და დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება.