- მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“რა კადრები გამოაქვეყნა დღეს ივანიშვილმა? – ზუსტად ის, რაც დაწერა სახალხო დამცველმა და არაერთხელ ვთქვი მეც, რომ მედპუნქტში ექიმებისგან ვიღებდი კონსილიუმის გამოწერილ მინერალურ და მიკროელემენტურ დანამატებს, რაც წონის კლების პირობებში, აუცილებელია სასიცოცხლო მაჩვენებლების, პულსის, გულისცემის და მინიმალური გლუკოზის მისაღებად. სამედიცინო კაბინეტში საჭმელად არავინ დადის, იქ სამედიცინო მანიპულაციას უტარებენ პაციენტებს. სამედიცინო კაბინეტში ოფიციალურად აყენია ვიდეოკამერები, ოღონდ არა გამოქვეყნების, არამედ უსაფრთხოების მიზნით. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ იწერდნენ და სხვა თუ არაფერი, ეს კიდევ აბსურდულს ხდის ამ ვიდეოკადრებს. ამას გარდა, ყველაფერზე, რასაც ციხეში ვიღებ, აქაური წესებით ხელს ვაწერ და ამ კონკრეტულ „კონსერვებზე“, რომელთა ფოტო აჩვენეს, ხელი არ მომიწერია და არც მინახავს. არც მაგიდაზე ან სადმე სხვაგან არ ჩანს ეს ქილები, არადა თვალთვალის კამერები ძალიან თანამედროვეა და შეეძლოთ ადვილად დაეზუმათ და ეჩვენებინათ. კვლავ ვიმეორებ, საკვების მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკანში და მეტი არსად, ხოლო სამედიცინო ოთახში შეგიძლია მიიღო მხოლოდ ექიმების მიერ გამოწერილი მედიკამენტები, სხვადასხვა ფორმით – ტაბლეტის, გადასხმის თუ სითხის სახით. სწორედ ამგვარი განმარტება მივიღე ყველა გამოქვეყნებულ შემთხვევაში, რომ ვიღებ წამლებს.
კადრების სრულიად სამარცხვინო და დანაშაულებრივი გამოქვეყნებით, მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს. უფრო, პირიქით, ყველა დარწმუნდა, რომ ნამდვილად ვშიმშილობ და, რბილად რომ ვთქვათ, საუკეთესო ფორმაში არ ვიმყოფები. ამ კადრების გამოქვეყნებით უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენეს ციხის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც დღეს მე განმიცხადეს, რომ დღემდე არ დამირღვევია შიმშილობის ნორმები და ის, რასაც ვიღებ ექიმის დანიშნულებით, არ წარმოადგენს კვებას. იგივე უთხრეს სახალხო დამცველის წარმომადგენელსაც, რაც აისახა კიდეც მის დღევანდელ დასკვნაში.
ყველაფერი ზემოთაღნიშნულის ფონზე, შაბათ დილიდან უკვე არ ვიღებ აღარანაირ დანამატს, რომელზეც წერილობითი თანხმობა მქონდა მიცემული კონსილიუმისთვის. ახლა ჩემი მდგომარეობა ისედაც ყოველდღე უარესდებოდა და ალბათ, კიდევ უფრო სწრაფი ტემპით განვითარდება მოვლენები. მიუხედავად ამისა, ამოუწურავია ჩემი რწმენა, რწმენა გამარჯვების და თავისუფლების. განსაკუთრებით, ციხესთან დღევანდელი უპრეცედენტო სოლიდარობის აქციის შემდეგ, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ იქ მყოფს.და მთავარი, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი უპირველესი ამოცანა, ოლიგარქის მიერ მიტაცებული ხელისუფლების დაბრუნებაა მისი ჭეშმარიტი და ერთადერთი მფლობელის, ქართველი ხალხისთვის. ამიტომ, არ უნდა დაგვავიწყდეს, მათ შორის, ჩემმა საკითხმაც არ უნდა შეგვიცვალოს მთავარი ფოკუსი – მოპარული არჩევნების დაბრუნება და ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშორება ქვეყნის მართვის სადავეებიდან.”-წერს მიხეის სააკაშვილი.