- თბილისის მერიის ინფორმაციით, დღევანდელი მატჩის შემდეგ მოქალაქეებს ავტობუსების ნაწილი და მეტრო გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, სადაც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, მატჩის დასრულების შემდეგ კი, მოქალაქეებს ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388 მოემსახურებიან. გვიანობამდე იმუშავებს თბილისის მეტროც.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაუპირისპირდება.