- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფს შესვლის უფლება მისცენ.
ამის შესახებ მან ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.
„მინდა პრეზიდენტ სააკაშვილს მივულოცო პუტინის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს იმას, რომ 123 ქვეყანაში პუტინს ემუქრება დაკავება. ფაქტობრივად, მთავარი ტერორისტი გამოკეტილია კრემლში. ამასობაში, პუტინთან მებრძოლ უმაღლეს მთავარსარდალს კრემლის საამებლად, წამებით კლავს საქართველოს ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის დავალებით და პირადი ვენდეტით. ეს რომ ასეა, ევროკავშირმა მისივე რეზოლუციით დაამტკიცა და დაწერა, რომ პირადი ვენდეტა ხორციელდება პრეზიდენტ სააკაშვილზე. საზოგადოებამ იცის, რომ ევროკავშირმა შექმნა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია პოლონელი ექიმებით, ისინი ელოდებიან ოფიციალურ თანხმობას იმისთვის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ და შესაბამისი დასკვნა დაიდოს. ჩვენ რუსული „ოცნებისგან“ და რატი ბრეგაძისგან გვესმის მხოლოდ განცხადებები იმის შესახებ, რომ თურმე შეუძლიათ ჩამოვიდნენ, თურმე საქართველოს ხელისუფლება მზად არის, რომ თანხმობა გასცეს. თუმცა, ამ სიტყვების იქით საქმე არ მიდის. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ რუსულ „ოცნებას“ და მოვუწოდებ, ხვალიდანვე უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით, საბუთით ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა. ყველამ კარგად იცის, რომ ისინი მზად არიან როგორც კი კონკრეტული დოკუმენტაცია ექნებათ, ჩამოვიდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.