ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის“ ყველა რაიონულ ორგანიზაციაში 17-20 მაისს არჩევნები ჩატარდება

  • ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს საბოლოო ფორმირებისა და ადგილებზე პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად, ყველა რაიონულ ორგანიზაციაში, კერძოდ, 63 მუნიციპალიტეტში 17-20 მაისს არჩევნები ჩატარდება, – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 9 მაისამდე გაგრძელდება.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, 9 მაისიდან 14 მაისამდე იქნება დრო ამომრჩეველთა სიების რეგისტრაციისთვის. კანდიდატებს ექნებათ საშუალება, დაარეგისტრირონ საკუთარი მომხრეთა სია როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურად. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, კონსულტაციები იყო როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე პარტიის თავმჯდომარე ადგილზე შეხვდა ყველა რაიონული ორგანიზაციის წევრებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის კანდიდატობის მსურველი შესაძლოა, დარეგისტრირდეს კანდიდატად:

1. თუ კანდიდატობის მსურველს კანდიდატად რეგისტრაციისთვის მხარს უჭერს ადგილობრივი საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის შემადგენლობის არანაკლებ 1/3; 2. თუ კანდიდატობის მსურველს კანდიდატად წარადგენს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სულ მცირე, ორი წევრი; 3. თუ კანდიდატობის მსურველი წარადგენს ადგილობრივი საარჩევნო ოლქის საერთო ამომრჩეველთა მინიმუმ 1 %-ზე მეტი რაოდენობის მხარდამჭერის ხელმოწერას.

კანდიდატი ვერ იქნება: პირი, მკვეთრად გამოხატული ანტიდასავლური პოლიტიკური პოზიციებით; სხვა პოლიტიკური პარტიის წევრი; „ქართული ოცნების“, ე.წ. ხალხის ძალის, ალტინფოს იდენტიფიცირებული მხარდამჭერი.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *