კულტურის სამინისტრომ კონკურსი – “საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“ – გამოაცხადა

  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – “საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა (კინო, თეატრი, ფოტო, ანიმაცია, თანამედროვე მუსიკა)“. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კონკურსის მიზანია: მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფესტივალო ღონისძიებების ხელშეწყობა; ხელოვანებისა და სახელოვნებო ორგანიზაციებისათვის ახალი პროფესიული შესაძლებლობების უზრუნველყოფა; კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებისა და თანამედროვე ტენდენციების გაცნობა; ქვეყანაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებით საერთაშორისო და შიდა კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა. კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 600 000 ლარს შეადგენს.

კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.

კონკურსში ყურადღება მიექცევა და უპირატესობა მიენიჭება: ფესტივალის დროს დაგეგმილი აქტივობების რაოდენობას, საფესტივალო პროგრამის მრავალფეროვნებას, მონაწილე ქვეყნების რაოდენობას; საერთაშორისო მასტერკლასებს, რომელთა ამოცანაა კულტურის სფეროში არსებული გამოწვევების დაძლევა; წარმატებული და მაღალი პროფესიული მიღწევების მქონე ხელოვანების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას; საერთაშორისო ფესტივალებისა და მასტერკლასების ორგანიზებისა და ჩატარების გამოცდილებას.

2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი 500 000 ლარი გახლდათ, სულ კი ათი პროექტი დაფინანსდა. პროექტები ხუთ ადგილას განხორციელდა და მათში 1200-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

საკონკურსო განცხადებები მიიღება 2023 წლის 27 მარტიდან 2023 წლის 5 აპრილის 12:00 საათამდე კულტურის სამინისტროში (თბილისი, სანაპიროს ქ. N4) ბეჭდური ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge – ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონკურსის შესახებ კონსულტაციები შესაძლებელი იქნება ტელეფონის ნომერზე: 599 310 303 (სამუშაო საათების განმავლობაში).

ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე არაუგვიანეს 2023 წლის 24 აპრილისა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანება N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

დაფინანსების წესი – https://cutt.ly/7PGB6Oh

ფორმულარები – https://cutt.ly/ePGNsau

საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/k4FRlUI

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *