- პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სიების ჩახსნის მოთხოვნით, განცხადებით მიმართავს.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, პარტიაში არ არსებობს ადამიანი, რომელიც „ამ პარლამენტში შედგამს ფეხს“.
„ის შეკრება, რომელიც ჩატარდა დღეს პარლამენტის შენობაში, არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ამას არეგულირებს კონსტიტუცია და არჩევნები, რომელიც იყო აბსოლუტურად გათელილი და ხალხის ნების საწინააღმდეგო. შესაბამისად, რამდენჯერაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს შეკრება ვერ იქნება აღიარებული ძალაუფლებად.
ამ კონკრეტულ მომენტში მინდა განვაცხადო ფორმალურად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენ სიას, არ ვაღიარებთ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ ჩვენგან არ შედგამს ამ პარლამენტში“, – განაცხადა ხოშტარიამ.
ამასთან, როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განმარტა, პროცედურულად ჯერ სიები უნდა ჩაიხსნას და ამის შემდეგ წერს ყველა ინდივიდუალურ განცხადებას დეპუტატის მანდატის დატოვებაზე.
„პროცედურულად ჯერ არის სიების ჩახსნა, რაზეც განცხადება წესით შესული უნდა იყოს უკვე ცესკოში. ამის შემდეგ იწერება ინდივიდუალური განცხადებები მათთვის, ვისთვისაც ესენი გამოწერენ მანდატებს. პროცედურა ასეთია, ჯერ სია იხსნება და შემდეგ ყველა ინდივიდუალურად წერს განცხადებას“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
წყარო