- გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების – სანავარდოსა და შილდას მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები, თევზის დასაჭერად, ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებს, ჩოგან ბადეებსა და აკუმულატორებს იყენებდნენ, რაც კანონით აკრძალულია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქე აკრძალულ დროს, აკრძალული საშუალებით – თევზმახით ახდენდა უკანონო თევზჭერას.
“ვინაიდან სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 204 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 56 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს”-. ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.