ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ, მრგვალი მაგიდის ფორმატში მოწყობილ დისკუსიაში – “ინვესტირება ენერგეტიკის მომავალში” – მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის მეთაურმა დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მდგრადი ენერგიის წყაროების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ალტერნატიულ – სუფთა, ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგიის წყაროებში.

მთავრობის მეთაურის თქმით, გლობალური ენერგეტიკული მოთხოვნა იზრდება და მიმდინარე ენერგეტიკულმა კრიზისმა ნათლად აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად მუშაობს ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისა და სუფთა და მდგრადი ენერგეტიკის სფეროში მეტი ინვესტირების მიმართულებით და უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებულმა გეოპოლიტიკურმა კონტექსტმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა საქართველოს საკვანძო სტრატეგიული მდებარეობა.

საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით. ამ მიზნით, შავ ზღვაში საქართველოსა და ევროპის დამაკავშირებელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის გაყვანის იდეაზე მიმდინარეობს მუშაობა. ეს სტრატეგიული პროექტი ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის მწვანე განახლებადი ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ისტორიული ცვლილებების განხორციელება, ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფა და გლობალურ კლიმატის ცვლილებაში დადებითი გრძელვადიანი ცვლილებების მოხდენა.

დისკუსიის თანათავმჯდომარეები იყვნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

დისკუსიაში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ასევე არაერთი ქვეყნის ლიდერი და კერძო კომპანიის წარმომადგენელი

მონაწილეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *