- წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეისთვის არსებული ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია და კარგ მდგომარეობაშია.
„ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამის თაობაზე განხილვა გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის იქნა შეძენილი წინა მთავრობის დროს და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.