- 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საამაყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ყველას მიულოცა ისტორიული გამარჯვება და წარმატება.
„დღეს გვაქვს გამორჩეული, ემოციური დღე და, შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა. მინდა ყველას მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, წარმატება − ჩვენს თანამოქალაქეებს, ემიგრანტებს და, რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს. გუშინ ნამდვილად ისტორია დაიწერა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე პირველად მოვახერხეთ, შევძელით და გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე – ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საამაყო. სიტყვებით შეუძლებელია ამ განცდის, ბედნიერების, სიამაყის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. ესეც ძალიან თამამად შეიძლება ითქვას.
მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ფეხბურთელებს, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრებს, რომლებმაც მართლა სული და გული ჩადეს გუშინდელ გამარჯვებაში; სამწვრთნელო შტაბს, ვილი სანიოლის ჩვენი საამაყო ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით; ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ვიცეპრეზიდენტებს − თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა. წლების მანძილზე იქმნებოდა ის წარმატება, რომელსაც ჩვენ საბოლოო ჯამში გუშინ მივაღწიეთ. ასევე მინდა მივულოცო ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, მათ ათწლეულების მანძილზე შექმნეს ეს გამარჯვება; ჩვენს ვეტერანებს ვულოცავ, 13 მაისის გმირებს, ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს განსაკუთრებით მინდა მივულოცო; აგრეთვე − ნაკრების ყველა თაობის ფეხბურთელებს, თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. მათი დამსახურებაა ეს გამარჯვება, რომელიც ჩვენ გუშინ შევქმენით და რომელიც მოგვიტანეს ჩვენმა ბიჭებმა“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა.