- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი შეუერთდება. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დამატებითი ჯგუფი საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში უკვე გაემგზავრა.
მაშველები ქალაქ ადიამანში მყოფ ქართველი მაშველების იმ ჯგუფს შეუერთდებიან, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სამაშველო ღონისძიებას და ერთი ადამიანი გადაარჩინეს.
ქართველი მაშველები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თეიმურაზ მღებრიშვილმა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა – ალი ქაან ორბაიმ გააცილეს.
სამაშველო ჯგუფები თურქეთში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ჩაერთნენ.
მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თეიმურაზ მღებრიშვილი ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობას პირადად უწევს კოორდინაციას.