- „თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მეტეხის ხიდზე და ევროპის მოედანზე. ასევე, გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გამსახურდიას სახელობის სანაპიროს მიმართულებით, ასევე, გორგასალის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ვახტანგ გორგასალის ქუჩის მიმართულებით.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი (გვირაბის გამოყენებით).
სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით. გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.
აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნის ნაცვლად, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N550, N580 გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით.