- განახლებული ინფრასტრუქტურა და ეზო, ახალი ფლიგელი და დამატებით 4 სააღმზრდელო ჯგუფი – ასეთია N89 საჯარო ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის შედეგი.
ახლად რეაბილიტირებული სივრცე თბილისის მერმა კახა კალაძემ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ყველამ ვნახეთ ფოტოებზე, თუ რა მდგომარეობაში იყო 89-ე საბავშვო ბაგა-ბაღი წარსულში. დღეს გვაქვს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების ბაღი. რეაბილიტაციის გარდა აშენდა ახალი ფლიგელი და ბაღს უკვე 500-მდე აღსაზრდელის მიღება შეუძლია. ამჟამად 460 ბავშვია რეგისტრირებული. ძალიან სასიამოვნოა გარემოა, ასევე არის ულამაზესი ეზო, რომელიც სრულად რეაბილიტირდა და განთავსდა ატრაქციონები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველგან ეს სტანდარტი დაინერგოს, რაც ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვაქვს. ბავშვები, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა არის პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ განვითარების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
N89 ბაგა-ბაღის შენობა რეაბილიტაციამდე მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შენობის გარკვეული ნაწილის დემონტაჟი, აშენდა ახალი ფლიგელი, ხოლო 12-ჯგუფიან ბაღს კიდევ ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი დაემატა. შენობა აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით – დამონტაჟებულია ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. პროექტი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტიდან 4 408 895 ლარით დაფინანსდა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს