- თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელ ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
„გვქონდა შესაძლებლობა, ნაძალადევის რაიონში 66 ოჯახისთვის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაგვეცა. ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ამ საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და გარკვეული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ ძალიან კარგი პროგრამა, რომელიც ასეთ ოჯახებს არსებული სივრცეების დაკანონებაში ეხმარება. ეს არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართები. დღეის მდგომარეობით, 3 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა გადაცემული კერძო საკუთრებაში. მინდა, მივულოცო ყველა ასეთ ოჯახს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა მსგავსი პრობლემების მქონე ოჯახებს მოუწოდა, ადგილობრივ გამგეობებს მიმართონ, სადაც საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის საჭირო პროცედურებისა და დოკუმენტაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 2 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ღონისძიებას, თბილისის მერთან ერთად დაესწრნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და საკრებულოს დეპუტატები.