- “თბილისი პრაიდის“ კვირეული წელს 1-8 ივლისს გაიმართება. ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ სოციალურ მედიაში ავრცელებს.
„სიყვარულს ვერ დაამარცხებ! „თბილისი პრაიდის“ ყოველწლიური კვირეული 1-8 ივლისს ბრუნდება! ტრადიციულად, ივლისის დასაწყისში ვუერთდებით ღირსებისა და სიამაყის თვეს, რომელიც მთელს მსოფლიოში აღინიშნება. პრაიდის კვირეული ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისთვის ერთმანეთის დანახვის, გაერთიანების, თავისუფალი თვითგამოხატვისა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის უნიკალური შესაძლებლობაა. „პრაიდის“ კვირეულის ჩატარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და პოლიტიკურია საქართველოში, სადაც ქვიარ მოძრაობის გავლენიანი მოწინააღმდეგეები გამიზნულად უშლიან ხელს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, თესავენ სიძულვილს და ავრცელებენ პუტინისტურ იდეოლოგიას. გვჯერა, რომ 2023 წლის „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ჩატარებით: გავაძლიერებთ თემს; ავამაღლებთ საზოგადოების ცნობიერებას; უფრო აქტიურად მოვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას; შემოვიკრებთ მხარდამჭერებს სხვადასხვა სფეროდან; წარმოვაჩენთ ლგბტქი კულტურასა და ისტორიას. წელს, „თბილისი პრაიდის“ კვირეული მოიცავს პოლიტიკური, კულტურული და აკადემიური ხასიათის დახურულ ღონისძიებებს, მათ შორის საერთაშორისო ლგბტქი კონფერენციასა და „პრაიდის ფესტივალს“. შემოგვიერთდით! მიიღეთ მონაწილეობა 2023 წლის „პრაიდის კვირეულში“ და მხარი დაუჭირეთ ქვიარ ადამიანების ღირსეულ ცხოვრებასა და თანასწორობას საქართველოში. #სიყვარულსვერდაამარცხებ“, – ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.