- ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი ახალი 51.5 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საჩხერის ონთან დამაკავშირებელ უმოკლეს ახალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან შესაძლებელია.
“საჩხერე-ონის ახალი გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებულ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
საჩხერე-ონის ახალი საავტომობილო გზით გადაადგილების მანძილი, რაჭასთან დამაკავშირებელ ძველ გზასთან შედარებით, 80 კმ-ით, ხოლო დრო 1,5 საათით მცირდება. ახალი გზით მგზავრობას 6 საათის ნაცვლად 4,5 საათი დასჭირდება.
გზის მშენებლობის პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. პროექტი 7 მონაკვეთად იყო დაყოფილი და მის მშენებლობაზე ოთხმა ქართულმა კომპანიამ იმუშავა. სულ, გზის მშენებლობაზე 900-მდე ადამიანი უყო დასაქმებული.
ახალი გზის მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 111 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა უზრუნველყოფს ბევრად უფრო უსაფრთხო და სწრაფ კავშირს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონთან, რაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის არა მხოლოდ გაუმჯობესებულ გადაადგილებას, არამედ ახალი შესაძლებლობების გაჩენით, სოციალ-ეკნომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გულისხმობს“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.