- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასობრივი ვაქცინაციის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა.
სრულად აღჭურვილ ამბულატორიაში იმუნიზაცია ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობდა.
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარეს.
წეროვანის დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად გაეცნო.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოძრავი ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.