- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს -„დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა“. წლევანდელი კონკურსის ბიუჯეტია 100 000 ლარი. კონკურსის მიზანია სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური კინოს განვითარების მხარდაჭერა და თავისუფალი ხელოვანების/კერძო სტუდიების შემოქმედებითი პროცესის წახალისება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს. თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარდგენა. შესაძლოა უპირატესობა მიენიჭოს პროექტს, რომლის წარმდგენ კონკურსანტს აქვს დოკუმენტურ/სამეცნიერო-პოპულარულ კინოში მუშაობის გამოცდილება; რომელიც წარადგენს მაღალი ვიზუალურ-მხატვრული დონის ნამუშევარს სხვადასხვა ხერხის, მათ შორის – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.
ინფორმაციისთვის: 2021 წელს ამავე კონკურსის ფარგლებში 31 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ექვსი გამარჯვებული პროექტი (ბიუჯეტი 120 000 ლარი). 2022 წელს საკონკურსო ბიუჯეტი იყო 110 000 ლარი და 24 საკონკურსო ნამუშევრიდან გაიმარჯვა ხუთმა პროექტმა. 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 100 000 ლარი და 21 საკონკურსო პროექტიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი.
მიმდინარე წელს საკონკურსო განაცხადები მიიღება 2024 წლის 12 მარტიდან 2024 წლის 21 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით, ტელ.: 032 2 022229 ან 577 27 00 73, სამუშაო საათების განმავლობაში.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 3 აპრილისა.
ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს