დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების ახალი ნაკადი შემოვიდა

  • ევროპის მოედანზე MAN-ის მარკის 18-მეტრიანი ავტობუსების პრეზენტაცია გაიმართა. ავტობუსების ახალი ნაკადი საზოგადოებას თბილისის მერმა კახა კალაძემ, „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა „თეგეტა ჰოლდინგის“ და კომპანია MAN Truck & Bus-ის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილეები და დედაქალაქის მერიის სამსახურების ხელმძღვანელები.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის: სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე ეტლის უსაფრთხოდ დასაყენებლად, ასევე, აქვს გადმოსაშლელი პანდუსი; დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. გარდა ამისა, ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, შიდა და გარე ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებითა და მონიტორინგის, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.ბ ავტობუსებში მოქმედებს საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს მგზავრების საფასურის გადახდისა და საინფორმაციო სისტემების მართვის კომპიუტერს, საინფორმაციო დაფებს, აუდიო საინფორმაციო და ვიდეომონიტორინგის სისტემას.

ამ ეტაპზე, დედაქალაქში შემოსულია და ექსპლუატაციაშია 75 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. დამატებით 25 ავტობუსი მარშრუტებზე ეტაპობრივად გადანაწილდება. უახლოეს პერიოდში თბილისში დამატებით 100 ერთეული ახალი 18-მეტრიანი ავტობუსი შემოვა. ჯამში თბილისის მოსახლეობას 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *