გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა

  • ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს, მივმართავ პოლიციელებს – არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა.

გახარია საქართველოს მეგობრებს მოუწოდებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად.

„გუშინ ვნახეთ არაპროვოცირებული ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, ქალებსა და სკოლის მოსწავლეებზე. სამაგალითო სადამსჯელო ძალადობა, რომლის კვალი, ამჯერად ღიად მიდის ივანიშვილამდე და რომლის მიზანია, მოქალაქეების დაშინება. ივანიშვილმა მშვიდობიან მომიტინგეებს არალეგიტიმური ძალა დაუპირისპირა. ზოგიერთები გამახსენებთ 20 ივნისს. არ მჭირდება გახსენება. არც 20 ივნისს დავმალულვარ და ამოვფარებივარ პოლიციელებს ან თანამდებობას, როგორც ახლა ეს პატარა მშიშარა ბიჭები იმალებიან. არც „ბასიანის“ მოვლენებისას მიმიტოვებია ახალგაზრდები. პანკისშიც ხალხსა და პოლიციას შორის ვიდექი. ახლაც ვიდგები ყველგან, სადაც მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას დასჭირდება – ევროპის დედაქალაქებში, პარლამენტში, ქუჩაში. ივანიშვილისთვის მიმართვას აზრი აღარ აქვს. მივმართავ პოლიციელებს! თქვენ, ფიცი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე გაქვთ დადებული არა – პარტიის. ესენი თქვენს ზურგს უკან დაიმალებიან და მომავლის წინააღმდეგ მარტო დაგტოვებენ პირისპირ ხალხთან. არ დაუშვათ ქართველის დაპირისპირება ქართველთან. მოვუწოდებთ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში, ბრიუსელში, პარიზში, ბერლინში და სხვაგან, ჩამოაყალიბონ ერთიანი და მკაფიო პოზიცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, თავისუფალი, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების დასაცავად. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი. ამიტომ, ერთობლივი ძალისხმევით დავაბრუნოთ საქართველო ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, მიიღებს ივანიშვილი ამ კანონს თუ არ მიიღებს, ის უკვე დამარცხებულია. 26 ოქტომბერს კი ერთად გავაფორმებთ საქართველოს დაბრუნებას ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა გახარიამ.

წყარო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *