განათლების სამინისტრო -ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა

  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-სა და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა.

„კორონავირუსის შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად სკოლები ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად მოქმედებენ და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. სწორედ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით, 2 085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან, სრულად დისტანციურ სწავლებაზე 672 სკოლა იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 146-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებელთა 5,8%-ს და მოსწავლეების 2,1%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, არჩევანი გააკეთონ დასწრებითი და დისტანციური სწავლების ფორმას შორის.

„შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებში შერეული ფორმატით უწყვეტად მიმდინარეობს. მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში სკოლების მონიტორინგი გრძელდება. ვირუსის თავიდან ასაცილებლად სკოლები სრულად უზრუნველყოფილია შესაბამისი რესურსების სასწავლო წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს მერ გვარცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *