- “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის თანახმად, აჭარის მუნიციპალური კომპანიების 27 თანამდებობის პირიდან 15-მა (55%) დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აჭარის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების ხელმძღვანელების დეკლარაციები შეისწავლა. რეგიონში მოქმედი 75 მუნიციპალური ორგანიზაციიდან 2022 წელს 35 ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო ვალდებული, შეევსო დეკლარაციები. 35 ხელმძღვანელიდან დეკლარაცია შეავსო მხოლოდ 27 თანამდებობის პირმა.
დეკლარაციის წარმდგენ პირებს შორის არ არიან: ა(ა)იპ „ქობულეთის გამწვანების” დირექტორი – ზვიად რომანაძე; ა(ა)იპ „ქობულეთის სანდასუფთავების” დირექტორი – გიორგი მჟავანაძე; ა(ა)იპ „ქობულეთის სოფლის წყლის” დირექტორი – სულიკო თხილაიშვილი; შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირებას” დირექტორი – მერაბ პაპუნაიშვილი; ა(ა)იპ „შუახევის სოციალური სერვისების ცენტრის” დირექტორი – მერაბ დავითაძე; ა(ა)იპ „შუახევის კომუნალური სამსახურის” დირექტორი – ზაზა დავითაძე; ა(ა)იპ „ხულოს სოციალური სერვისების ცენტრის” დირექტორი – ოთარ გელაძე; ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისის” დირექტორი – დიმიტრი შავაძე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” შეისწავლა ამ ორგანიზაციების 2021 წლის შესყიდვების გეგმები, საბიუჯეტო დაფინანსება და გაარკვია, რომ ყველა მათგანის დაფინანსება 100,000 ლარს აღემატება, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ არ წარადგინეს ამ დაწესებულებების ხელმძღვანელებმა ქონებრივი დეკლარაციები. ორგანიზაცია შესაბამისი კითხვით მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს.
კვლევის მიგნებები და რეკომენდაციები: 27 თანამდებობის პირიდან 15-მა (55%) დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო; 9 თანამდებობის პირს არ აქვს დეკლარირებული, რომ თავად ან/და მისი ოჯახის წევრი მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში – ფლობს წილებს და ხელმძღვანელობს საწარმოს: 6 თანამდებობის პირს დეკლარაციაში არ მიუთითებია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მიღებული შრომის ანაზღაურება; 4-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;
4 თანამდებობის პირს არ გადაუცია წილის მართვის უფლება სხვა პირისათვის და ამდენივე თანამდებობის პირს არ დაუტოვებია კერძო კომპანიის ხელმძღვანელის თანამდებობა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კანონით საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ, თანამდებობის პირი არ არის ვალდებული დეკლარაციაში მიუთითოს იმ საწარმოს შესახებ, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის საწარმოების ბრუნვების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩანაწერებით კომპანიების სტატუსების შესახებ – კვლევაში ნახსენები ყველა კომპანიის სტატუსი არის „აქტიური“,- აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.