- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს წერილით მიმართავენ.
„საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან და პირადად თქვენგან.
თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია. განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას – იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.
განსაკუთრებით გვსურს, ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში. სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება.
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება.
ხაზი გვინდა, გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.
მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.
დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით. მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების წერილში.
წერილს ხელს აწერენ ორგანიზაციები: ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); საქართველოს სასამართლოს გუშაგი; ღია საზოგადოების ფონდი; სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC); ადამიანის უფლებათა ცენტრი; საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); მედიის განვითარების ფონდი (MDF); ქალები საერთო მომავლისთვის (WECF); საქართველო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS); საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი); დემოკრატიის ინდექსი; დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი; უფლებები საქართველო; სამოქალაქო იდეა; გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI); ჭავჭავაძის ცენტრი აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD); ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC).