- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებული ანალიზის მიხედვით, COVID-19-ის პერიოდში, 21 მარტიდან -15 ნოემბრის ჩათვლით, სასტუმროებისა და კლინიკების მომსახურების შესყიდვებში 200 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროდუქტისა და მომსახურების შესყიდვებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
კლინიკებში დამატებითი საწოლების მობილიზების მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოსაგან, ივლისიდან- ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 98.5 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულების შეთანხმება მოითხოვა.
საკარანტინე/საველე სივრცეებში მედპერსონალის უზრუნველსაყოფად სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შეთანხმებული ხელშეკრულებების ჯამურმა თანხამ კი 625,537 ლარი შეადგინა.
როგორც IDFI-ში აცხადებენ, შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ხდება ცალკე COVID-19-თან დაკავშირებული შესყიდვების გამოყოფა და მათი შესაბამისი ანალიზი, რისი მაგალითებიც მეზობელი ქვეყნების შემთხვევაში გვაქვს.
მიზნობრიობით შესყიდვების უდიდესი ნაწილი ხორციელდება გამარტივებული წესით.