- პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, დარეგისტრირებულია 281 ჟურნალისტი, რომელიც პარლამენტის აკრედიტაციას მიიღებს.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტი მოწოდებულია, იყოს საქმიანი გარემო და ამ საქმიანი გარემოს ფარგლებში ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, პარლამენტში მიმდინარე საქმიანობა გააშუქონ.
“281 ჟურნალისტს, რომელიც 41 მედია საშუალებას წარმოადგენს, ექნებათ ჩვეულებრივი საბუთი, როგორიც ჩვენ გვაქვს და ნებისმიერ დროს შემოსვლა და გასვლა შეეძლებათ. აქედან 14 არის საერთო ეროვნული მაუწყებელი, ოთხი – სხვა ტელევიზია, შვიდი – ონლაინ გამოცემა, ათი – საინფორმაციო სააგენტო, ორი – რადიო, სამი – გაზეთი/ჟურნალი“, – განაცხადა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი ბრძანებით პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი დაამტკიცა, რომელიც 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.
პაპუაშვილის ბრძანების გათვალისწინებით, მედიის წარმომადგენლებისთვის ორი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა: – საპარლამენტო ჟურნალისტის, რომელსაც ერთი წლის ვადა ექნება და სპეციალური (ერთჯერადი) აკრედიტაცია.
ამავე ბრძანების თანახმად, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია: ხელი არ შეუშალოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას; საქართველოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს მისი სამუშაო ოთახი; საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტი, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს დაცვის თანამშრომლისა და აპარატის მანდატურის სამსახურის მანდატურის კანონიერ მითითებებს; სააკრედიტაციო მოწმობა არ გადასცეს სხვა პირს; სააკრედიტაციო მოწმობა ატაროს გამოსაჩენ ადგილზე.
ჟურნალისტის მიერ აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, შეიძლება შეიზღუდოს მასზე აკრედიტაციის გაცემა – 1 თვით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 6 თვით.