- საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთო უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისზე რეაგირების საკითხებში ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე შარლ ფრიესთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის ჩართულობას რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში; აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციონირება რეგიონის უსაფრთხოებისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს. პრეზიდენტმა დაგმო რუსული აგრესია, შეტევები მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
„როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, როდესაც ეს ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება რუსეთის მეზობელი, ყველა პატარა ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს, რათა რუსეთს არ მიეცეს საშუალება, კვლავ განახორციელოს თავისი იმპერიალისტური მიზნები.
ევროკავშირის წარმომადგენელმა პოზიტიურად შეაფასა ჰუმანიტარული მიმართულებებით განხორციელებული პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახორციელებს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესს და ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რეფორმების პროცესი უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს ინკლუზიური.
ხაზი გაესვა ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველოს როლი და შესაძლებლობები კიდევ უფრო იზრდება ევროკავშირთან ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას“, – აღნიშნულია პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.