- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათში “სუდანის” ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საწებელისა და წიწაკის 2 ნიმუშში “სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა:
შპს „გემო“- „ტომატის საწებელი ცხარე“ – აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Sudan I, დამზადების თარიღი: 31.08.2022 წელი, ჩამოსხმულია 0.5ლ მინის ქილაში, მისამართი: ქ. რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. 9;
წითელი წიწაკა – აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Para Red, ი/მ შორენა კაპეტივაძე, მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 135, დეზერტირების ბაზარი, მესამე სართული, დახლზე მოვაჭრე. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.
უწყების ცნობით, შპს „გემო“-ს და ი.მ. „შორენა კაპეტივაძე“-ს აეკრძალათ ზემოაღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან.
ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ამავდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს.
საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.