- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა. მან გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარ ფაქტზე, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. მძიმეა ჩვენთვის ყველასთვის, მით უმეტეს ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის, შსს-სთვის. ექვსი იყო ჩვენი თანამშრომელი, ორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები იყვნენ. უბედური შემთხვევა მოხდა, კადრიც გავიდა ტელევიზიით, ვერტმფრენმა დაკარგა კონტროლი და მოხვდა მისი ვარდნა. ჯერ მეტი არაფერი ვიცით, ექსპერტები იმუშავებენ, რამ გამოიწვია ვერტმფრენის მართვის დაკარგვა, აქედან გამომდინარე, უკვე გვექნება სავარაუდო პასუხი.
სამწუხაროდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი გარდაცვლილია, რომელიც ჩამოვარდა, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამოიყვანეს დაშავებული ქართველი ვინც იყო, ცოცხალია, ის გადაჰყავთ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს“, – განაცხადა გომელაურმა.