- მოქალაქეთა დანაზოგებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
„მაღალი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტო მედიაში გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას ეხმიანება, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. კერძოდ, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საპენსიო სააგენტოს და რაც მთავარია საპენსიო დანაზოგებს არავითარი საფრთხე არ ემუქრება და საპენსიო სააგენტო სტაბილურად, ჩვეულ რეჟიმში, აგრძელებს სამუშაო პროცესს.
საპენსიო სააგენტო გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტის დაცვით ყოველთვის პროაქტიულად აწვდის საზოგადოებას ნებისმიერ ინფორმაციას. ამ შემთხვევაში, სააგენტოსა და სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შორის ინტერვიუს დროს საუბარი იყო იმაზე, რომ ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი წარმოადგენს გამოწვევას დანაზოგებისთვის, რასაც შედეგად ბუნებრივია მოსდევს რეალური ამონაგების (ნომინალურ ამონაგებს – ინფლაცია) შემცირება.
ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ინფლაციის დროს რეალური ამონაგების შემცირება დროებითი, მოკლევადიანი მოვლენაა და არ იწვევს მოქალაქეთა შენატანების შემცირებას. მას გავლენა აქვს მხოლოდ დარიცხულ რეალურ სარგებელზე.
სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის სწორედ დადებითი რეალური სარგებლის და მინიმუმ ინფლაციის მაჩვენებელზე მეტი ამონაგების გენერირება. აღნიშნულის მისაღწევად, სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მხრიდან ხდება პორტფელის სავალუტო დივერსიფიკაცია, გლობალური აქციების შესყიდვა, რეფინანსირებაზე მიბმული საპროცენტო განაკვეთისა და ბაზარზე არსებულ მაღალ, გრძელვადიან ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთების მქონე ინსტრუმენტებში ინვესტირება. აღსანიშნავია ისიც, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის მომგებიანობა აგრძელებს ზრდას იმ დროს როდესაც გლობალურად თითქმის ყველა აქტივის კლასის ფასები მნიშვნელოვნად შემცირებულია.
შესაბამისად, გვინდა მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ არაზუსტი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან. სააგენტო კვლავაც მზად არის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სააგენტოს საქმიანობისა და შედეგების შესახებ“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.