- დაველოდები ევროკომისიის 23-24 ივნისის დასკვნას, გადაწყვეტილება თუ იქნება უსამართლო, შეურაცხმყოფელი, ყველაფერს ავხდი ფარდას, ხალხს ვეტყვი ყველაფერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, 23-24 ივნისს გავიგებთ, რა დამოკიდებულება აქვთ რეალურად ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ხალხისა და ქვეყნის მიმართ.
„სტატუსის ფასი რომ შევაფასოთ და ისე არ წარმოვაჩინოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე და მე ვარ ვალდებული ხალხთან, რომ ვუთხრა სიმართლე. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური. სტატუსის მონიჭების დიდი იმედი ჯერ კიდევ მაქვს, ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპის, ჩვენს ინტერესებშიც არის და არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული რუსეთის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენთვის მთავარი დოკუმენტი, ღერძი და გზამკვლევი არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა. ასოცირებულ ტრიოს რომ აცხადებენ, უკრაინა-მოლდოვას, არ მინდოდა, შემედარებინა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას და ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანას. მათ შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებით, თავისუფალი ვაჭრობის შესრულებით, რომელიც 50%-ით არის უკვე შესრულებული, 45%-ით არის შესრულებული ასოცირების შეთანხმება და კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მისივე თქმით, დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელია მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების 80% საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების მომხრეა.
„ჩემთვის მთავარია, რომ დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ, 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელია ჩვენი ხალხის მიმართ, რომლის 80% არის მომხრე ჩვენი ქვეყნის ევროპაში გაერთიანების. ეს არის აღმაშფოთებელი, რადგან მათ აჩვენეს სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის, მოქალაქეების მიმართ. ეს არის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. დაველოდებით 23-24 ივნისს. ის დამოკიდებულება გავიგოთ, რა დამოკიდებულება აქვთ რეალურად ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ, ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში, უძველესი კულტურით და ძალიან მაგარი, ამაყი ხალხით. აქ ამპარტავნობაზე არ არის საუბარი, მაგრამ ჩვენ ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს. მე ეს საჯაროდ ვთქვი დავოსშიც და ბრატისლავაშიც. ჩვენ არაფერს ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როდესაც საუბარია დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას.
17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და მთავარი 23-24 ივნისს. დაველოდები, მანამდე, მე უბრალოდ შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. გადაწყვეტილება თუ იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი. მე შეთქმულების თეორიებზე არ ვლაპარაკობ, მე ხალხს ველაპარაკები მხოლოდ ფაქტებით.
მე ვარ მთავრობის მეთაური, გამოვხატავ მთავრობის პოზიციას და ახლა გესაუბრებით იმაზე, რა რეალობაც გვაქვს. ჩვენ ეს არ გვითქვამს, რომ რაღაც სასწაული იდეალურები ვართ და უშეცდომონი და ასე შემდეგ. ეს არის პროცესი. თქვენ მიმანიშნეთ, რომ აწმყოზე გვესაუბრეთო. თქვენი ხელისუფლება, თქვენ “მთავარი არხის” წარმომადგენელი ხართ და „მთავარი არხი“ არის სააკაშვილის პარტია, სააკაშვილის ტელევიზია. ამ ეტაპზე მინდა, რომ შევინარჩუნო პილიტკორექტულობა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ მეტი ვისაუბრო, მაგრამ თუ ამის საჭიროება დადგა, მე ჩემს ხალხს, ვალდებული ვიქნები, რომ ჩავაბარო ანგარიში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.