- ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ყალბი საბუთების გამოყენებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანაში ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.შ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წელს, თურქეთის მოქალაქემ „სარფის“ საკონტროლო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის ოთხი მოქალაქე საქართველოში ჩამოიყვანა და მოგვიანებით მათ იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთები და იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად, საფრანგეთის რესპუბლიკის ყალბი ბინადრობის მოწმობები გადასცა. აღნიშნულმა პირებმა მსჯავრდებულის მიერ გადაცემული ბინადრობის ყალბი მოწმობები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ქუთაისი-მილანის ავიარეისზე რეგისტრაციის დროს წარადგინეს, რითაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ი.შ. 2021 წლის 17 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.შ. წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სრულად ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.