- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.
“გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იყო ორგანიზებული, რომლის უკან იდგა, პირდაპირ უნდა ითქვას, “ნაციონალური მოძრაობა”.
მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულები, რომ ჩვენს მოქალაქეებს რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ის გაზრდილი ფასები და წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან. როდესაც ინფლაციას ვახსენებთ, ჩვენს მოქალაქეებს მინდა გავახსენო, რომ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და უმეტეს შემთხვევებში, ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა. გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე, იგივე ეხება მთლიანად ევროზონას, სადაც ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის შემდეგ ასევე ყველაზე მაღალია. ჩვენს ქვეყანაშიც, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა ინფლაცია და ფასების ზრდა, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ყველგან და საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი, მარტივად რომ ავხსნათ, გამორიცხულია, იყოს გამონაკლისი, იმიტომ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარზე. რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიას, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა უკვე ეს ტრაგედია და ომი. ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ამას, ბუნებრივია, ექნება გავლენა ყველაფერზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც. ამიტომ, ამას სჭირდება კარგად გააზრება და ახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.